„დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ მიერ დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა მმართველ გუნდში შეფასდა
„დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ მიერ დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა მმართველ გუნდში შეფასდა. მათი განცხადებით, ფინანსები ხშირ შემთხვევაში, მიმართულია ქვეყანაში დესტრუქციისა და არეულობის მოწყობისკენ. „ქართულ ოცნებაში” ისფედის მაგალითიც მოჰყავთ და აღნიშნავენ, რომ 2020 წელს პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებამ ოპოზიციას, პარლამენტის ბოიკოტისა და ქუჩის აქციების ჩატარების საბაბი მისცა. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, „დემოკრატიის ეროვნული ფონდი” „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტს“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აფინანსებს, რომლებმაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და მისი ოჯახის ქონების შესახებ, ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს. მანამდე, დემოკრატიის ეროვნული ფონდის საქმიანობაზე მწვავე ანგარიში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, რომელშიც მიმოხილულია, თუ როგორ მოქმედებს ეს ორგანიზაცია ამერიკის ინტერესების შესაბამისად. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ NED-მა საქართველოში დააფინანსა 3 არასამთავრობო ორგანიზაცია, რათა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აქციები მოეწყოთ.
