„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება
აგვისტოს ომი, ჰაიდი ტალიავინის დასკვნა და მისი პოზიცია, სააკაშვილის ხელისუფლების და მისი მფარველების ქმედებები, სამართლებრივი პროცესები, გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადების მთავარი ასპექტებია. განცხადებაში მიმოხილულია „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელთან, ჰაიდი ტალიავინთან. საუბარია ტალიავინის დასკვნაზე, რომელიც, „ქართული ოცნების“ შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განაჩენის ტოლფასი დოკუმენტია. გარდა ამისა, პოლიტსაბჭოს განცხადებაში გაანალიზებულია 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები და ნათქვამია, რომ ეს არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ახსენებს კონკრეტულ ფაქტებს, რომელთა მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, ხოლო შემდეგ ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით აღიარა.
