საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ
16 წლის შემდეგაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს განუყოფელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევითა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021-24 წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით. საქართველო განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მიზნად ისახავს, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება. საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომლის მთავარი მიზანია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხების გადაწყვეტა. - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
