საფრანგეთის დედაქალაქში ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ
პარიზშია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მთავრობის მეთაური, ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, სამიტს დაესწრო სახელწოდებით „სპორტი მდგრადი განვითარებისთვის“. ღონისძიებამ 500-მდე მონაწილეს უმასპინძლა, რომელთა შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები. ირაკლი კობახიძე ლუვრში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო. ლიდერებს ელისეს სასახლეში უმასპინძლებს ემანუელ მაკრონი. პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათი რჩება. საფრანგეთის დედაქალაქი სპორტის მოყვარულებს დაუვიწყარ, გრანდიოზულ სანახაობას ჰპირდება.