მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის დასახელდა
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის დასახელდა. 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს. გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასების 4-ბალიანი სისტემით 3,5 ქულა დაიმსახურა და მსოფლიოში 50-ე ადგილზე გავიდა. ისტორიულად ყველაზე მაღალი შეფასებები საქართველომ წელს და შარშან გამოქვეყნებულ ინდექსში მიიღო. 2012 წელს შეკრების თავისუფლების მიხედვით საქართველო ევროპის ყველაზე საშიში ქვეყნების სამეულში იყო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად, მსოფლიოში კი 99-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11-წლიან პერიოდში კი ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 49 ადგილით დაწინაურდა. შეკრების თავისუფლების ინდექსი იკვლევს „რამდენად პატივს სცემენ და იცავენ სახელმწიფო ორგანოები მშვიდობიანი შეკრების უფლებას?“ 2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს ამერიკის შეერთებული შტატებს, დიდ ბრიტანეთს, შვეიცარიას, ლატვიას, რუმინეთს, პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, სამხრეთ კორეას, სინგაპურს და თურქეთს.
