რატომ დანებდა ჯო ბაიდენი?- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას პოლიტიკო
რატომ დანებდა ჯო ბაიდენი?- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას პოლიტიკო. გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტის საარჩევნო შტაბმა შიდა გამოკითხვები ჩაატარა, სადაც გამოვლინდა, რომ ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენს გამარჯვების შანსი აღარ ჰქონდა. პოლიტიკო ხუთ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტს კანონმდებლებმა პირადად მიაწოდეს მისი პოლიტიკური კარიერის პოტენციური აღსასრულის შესახებ ახალი ინფორმაცია. ჯო ბაიდენს ასევე განუმარტეს, რომ მის საარჩევნო კამპანიაში დონორებისგან შემოწირულობებმა საგრძნობლად იკლო. პოლიტიკოს ცნობით, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადადგა ბაიდენმა საბოლოო ნაბიჯი და გადაწყვეტილების შესახებ კვირას, 21 ივლისს ჯერ მხოლოდ უახლეს გარემოცვას აცნობა, თეთრი სახლის პერსონალმა და საარჩევნო შტაბმა კი ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ, მის გასაჯაროვებამდე ერთი წუთით ადრე შეიტყვეს.
