ლარნაკა-თბილისი - რადიკალები კეზერაშვილთან
კვიპროსში დავით კეზერაშვილთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, აღმასრულებელი მდივანი დავით კირკიტაძე და პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი ჩიქოვანი იმყოფებოდნენ. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე განიხილეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები და დავით კეზერაშვილის პოზიციების შესუსტების საკითხები. არსებული ინფორმაციით, კეზერაშვილი სააკაშვილს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. მიზეზი კი კადრების გადანაცვლებას უკავშირდება. კვიპროსში გამართულ შეხვედრაზე კეზერაშვილმა დააყენა საკითხი, რომ საარჩევნო კამპანია მან აკონტროლოს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, გიორგი ვაშაძე საარჩევნო შტაბს ფორმალურად უხელმძღვანელებს, ხოლო ფაქტობრივი ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, დიმიტრი ჩიქოვანი იქნება. სააკაშვილს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე სურს. ვანო მერაბიშვილის მოთხოვნით კი საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი უნდა გახდეს მისი კადრი დიმიტრი შაშკინი. არსებული ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა კვიპროსზე გამართული შეხვედრიდან გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. კიდევ ერთი ინფორმაციით, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკმაყოფილებას იწვევს, ხატია დეკანოიძეს უკავშირდება. მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით დეკანოიძე, რომელმაც სკანდალურად დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაინიშნოს თინა ბოკუჩავას მოადგილედ და პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ. კვიპროსში გამართული შეხვედრის მონაწილეთაგან თბილისში გიორგი ვაშაძე მეუღლესთან და პეტრე ცისკარიშვილთან ერთად ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა და გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.