ბაიდენის განცხადება
ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს ეიბისისთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლას მას მხოლოდ ყოვლისშემძლე უფალი თუ აიძულებს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ზეციდან ჩამოვა და ეტყვის, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლა შეწყვიტოს. ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის სხვა კანდიდატით ჩანაცვლებაზე დემოკრატებმა მსჯელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დონალდ ტრამპთან პირველი სატელევიზიო დებატები მოქმედმა პრეზიდენტმა კატასტროფული შედეგით წააგო. ბაიდენი აღიარებს, რომ დებატებში დამარცხდა, თუმცა მარცხს გადაღლილობით ხსნის და ირწმუნება, რომ არჩევნებში ტრამპის დამარცხება მხოლოდ მას შეუძლია.
