რადიკალები ფეხბურთელების წინააღმდეგ
საყოველთაო-სახალხო ზეიმი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების ღირსეულმა ასპარეზობამ მოგვცა, ჯერ კიდევ სიხარულისა და სიამაყის განცდას არ გვინელებს. გვიხარია ყველა მიღწევა, შეფასება თუ ჯილდო, რომელიც ფეხბურთელებმა მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად დაიმსახურეს. ერთი შეხედვით ეს ძალიან მარტივი მოცემულობაა და თითქოს აქ განსხვავებული ემოციების ძებნა არც ღირს, ისევე როგორც არ უნდა გვიკვირდეს დაფასებისა და შეფასებისთვის მადლიერების გამოხატვა. სხვა თუ არაფერი მადლიერების გრძნობა ადამიანის მაღალი მორალური სტანდარტის ერთ-ერთი განმსაზღვრელია და ძალიან სასიხარულოა, რომ პროფესიონალიზმთან ერთად ნაკრების უკლებლივ ყველა წევრი ამ სტანდარტის ღირსეული მატარებელია. მაგრამ ის რაც უბრალო ჭეშმარიტებაა ბევრისთვის, ქვეყნის რადიკალურად განწყობილი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საუბარი მადლიერებაზეა, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრებმა ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყოფილი ჯილდოსთვის გამოთქვეს. მართლაც, რომ გასაოცარი იყო ამ ფაქტის შემდეგ ერთ ღამეში შეცვლილი რადიკალების განწყობა და დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც წინა დღეს გმირებად რაცხდნენ. დღეს ამ ფაქტს პრემიერ-მინისტრი ვრცელი წერილით გამოეხმაურა, კომენტარები გრძელდება ნაკრების ფეხბურთელების მხრიდანაც, რომელთა მთავარი მონაპოვარი ახლა ერთიანობა და ერთსულოვნებაა, რომელსაც ვერანაირი რადიკალიზმი ვერ დაარღვევს.
