ლევილის ისტორიულმა მამულმა, მეოთხე საფესტივალო კვირას მრავალფეროვან სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლა
ლევილის ისტორიულმა მამულმა, მეოთხე საფესტივალო კვირას მრავალფეროვან სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლა. ფესტივალის სტუმრებმა, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმოდგენა, „ოტელო“ ნახეს. მსმენელის წინაშე წარდგა ანსამბლი „ქართული ხმები“. შეხვედრა გაიმართა ლიტერატურული პრემიის „მუზას“ ლაურეატთან, ნინო ხოფერიასთან, ასევე, „იუმორინას“ მსახიობთან ბესო ბერულაშვილთან. ფესტივალის სტუმრებმა იხილეს პარიზში მცხოვრები ფერმწერის, მერაბ ბულისკირიას ნამუშევრები. ლევილიში შეკრებილ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედროდნენ ქართველ სპორტსმენებს. გაიმართა კონცერტი ხონის, ოზურგეთისა და ამბროლაურის სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით. ლევილის ქართულ ფესტივალს ლევილის კარატეს კლუბის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, რომელთაც მამულში რამდენიმე საჩვენებელი ორთაბრძოლა გამართეს. საფესტივალო დღე თამთა ცხვიტავასა და ბენდის მუსიკალური ნომრებით დასრულდა.
