პროექტი „ჯარის ბანაკი“ 2024 დაიწყო
პროექტი „ჯარის ბანაკი“ 2024 დაიწყო. ოფიციალური გახსნა დღეს კოჯორში გაიმართა. ბავშვებსა და სერჟანტ-ინსტრუქტორებს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიმართეს. თავდაცვის სამინისტრომ პროექტი გააფართოვა და კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის პარალელურად, „ჯარის ბანაკები“ გაიხსნა საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლასა და ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში. საზაფხულო „ჯარის ბანაკს“ თავდაცვის უწყება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად ახორციელებს, პროექტში აქტიურად არის ჩართული საპატრიარქო. პროექტში ჯარის ბანაკი მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.
