ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვაჟი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის საქმეზე დამნაშავედ ცნეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვაჟი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. ვერდიქტი დელავერის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს. სასამართლოს დასკვნით, 2018 წელს ჰანთერ ბაიდენმა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის დროს შესავსებ განაცხადში იცრუა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ იყო, რეალურად კი კოკაინზე იყო დამოკიდებული. ჯო ბაიდენის შვილს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 750 ათასი დოლარი ჯარიმის გადახდა ემუქრება. განაჩენის გამოტანას საშუალოდ 120 დღე სჭირდება. შტატების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის შვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ ჯოზეფ ბაიდენმა განცხადება გაავრცელა, შვილს თანადგომა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
