ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს საფრანგეთისა და ბელგიის მთავრობებში რადიკალური ცვლილებები მოჰყვა
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს საფრანგეთისა და ბელგიის მთავრობებში რადიკალური ცვლილებები მოჰყვა. ეგზიტპოლების თანახმად, ემანუელ მაკრონის პარტია მარინ ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებასთან“ დამარცხდა. ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ ხმების 31.5% დააგროვა. დიდი სხვაობით მარცხის ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანო დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 30 ივნისს და 7 ივლისს დანიშნა. ბელგიაში, ხმათა უმრავლესობა ნაციონალისტურმა და კონსერვატიულმა ალიანსმა მოიპოვა, ბელგიის პრემიერ-მინისტრის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ კი მარცხი განიცადა როგორც ევროპარლამენტის, ისე ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში, რის გამოც პრემიერმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ევროპარლამენტის არჩევნები წარუმატებელი აღმოჩნდა გერმანიის კანცლერის პარტიისთვისაც. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში გერმანიიდან ოპოზიციონერმა კონსერვატორებმა ხმების 30% მიიღეს, ულტრამემარჯვენეებმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – 16%, ხოლო ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზე გავიდა. საერთო ჯამში, ევროპარლამენტში მანდატების უმრავლესობა კვლავ ევროპის სახალხო პარტიამ მოიპოვა. მანდატები დაკარგეს ევროპულმა განახლებამ, მწვანეებმა და მემარცხენეებმა.
