რუსთავის მერიამ კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია აღადგინა
რუსთავის მერიამ კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია აღადგინა. ქალაქში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი იხსნება. 7 ივნისიდან, 8 ქართველი და 5 უცხოელი, ბულგარელი, სერბი, ჩინელი და ირანელი სკულპტორები იმუშავებენ. მოწვეული ხელოვანების სტატუსით, პროექტში ცნობილი რუსთაველი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია და მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების ხელმძღვანელი ლიუ იანგიც ჩაერთვებიან. სივრცე, სადაც მოქანდაკეთა სიმპოზიუმი ეწყობა, რუსთავის ცენტრალურ პარკში, სწორედ იმ ტერიტორიაზეა მოწყობილი, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში, სიმპოზიუმის ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი და რუსთავმა ორჯერ ზედიზედ უმასპინძლა ქართველ და უცხოელ სკულპტორებს. რუსთავის პარკში მოწყობილ სივრცეში, სკულპტურის შექმნის საინტერესო პროცესის დაკვირვებას, ნებისმიერი მსურველი, 20 ივნისამდე შეძლებს.
