ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. სპეცოპერაცია ბათუმში ორ ადგილას ერთდროულად ჩატარდა. დაკავებულთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ - ლი „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულებები. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს პატიმრობას 3-დან 6 წლამდე და 10-დან 17 წლამდე. სუსის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს კონტრტერორისტული ღონისძიებები დაკავებულთა ტერორისტულ ორგანიზაცია ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების იდენტიფიცირების მიზნით.
