საფრანგეთის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი მიიღო
138 ხმით 10-ის წინააღმდეგ საფრანგეთის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი საბოლოოდ დაამტკიცა. ახალი კანონი ითვალისწინებს გავლენის ეროვნული რეესტრის შექმნას, ფინანსური აქტივების გაყინვის პროცედურასა და ალგორითმული მეთვალყურეობის ექსპერიმენტულ გაფართოებას, რომელიც ამჟამად გამოიყენება ანტიტერორისტული საქმიანობისთვის. კანონი უცხოური ინტერესების წარმომადგენლებისგან ასევე მოითხოვს, დარეგისტრირდნენ ეროვნულ რეესტრში, რომელსაც მართავს საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო. კანონის ინიცირებას საფუძვლად დაედო საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია უცხოური ჩარევის სხვადასხვა რისკი და მათგან თავის არიდების გზები. კანონი ძალაში 2025 წლის პირველ ივლისს შევა.
