სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების 11 ფაქტი გახსნა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების 11 ფაქტი გახსნა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული წლების განმავლობაში, ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის, სოციალურ ქსელ ფეისბუქის სხვადასხვა ჯგუფებში, განცხადებებს ათავსებდა, სადაც მოტყუებით უთითებდა, რომ იყო ფოტოგრაფი და ქალის თეთრეულის რეკლამისთვის ფოტოსესიაზე გოგოებს სპეციალურად შერჩეულ ბინებში იწვევდა. ბრალდებული მამაკაცი, ბინაში მოტყუებით მიყვანილ დაზარალებულებთან ე.წ საცდელ ფოტოსესიას აწყობდა, რა გზითაც მოტყუებით მოიპოვებდა დაზარალებულების ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო ფაილს. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარით ის აიძულებდა სქესობრივი კავშირის დამყარებას. ბრალდებული, ასევე, დაზარალებულებს სასმელში გაურკვეველ ნივთიერებას უყრიდა და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლებთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 19 წლის დაზარალებული გოგოს პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის ფაქტზე, დააკავა. ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეო კადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იდენტიფიცირდა 11 დაზარალებული.