ირაკლი კობახიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე განათლების სფეროში დაგეგმილ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალ სამთავრობო პროგრამაში განსაკუთრებული აქცენტი უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში ფუნდამენტურ ცვლილებებზე გაკეთდება. პრემიერის თქმით, პრიორიტეტი მიენიჭება სასწავლო ინფრასტრუქტურის თვისებრივ გაუმჯობესებას, რაც სტუდენტებსა და ახალგაზრდებს თვითრეალიზების უკეთეს შესაძლებლობას მისცემს. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საჯარო მოხელეების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის განვითარების საქმეში და სამინისტროს თანამშრომლებს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა შეხვედრისას ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პოლიტიკური სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებისთვის. შეხვედრა კითხვა-პასუხით წარიმართა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომდე მთავრობის მეთაური საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის სამინისტროებში იმყოფებოდა.
