რატომ არ ასაჯაროებს „ნაციონალური მოძრაობა“ ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების პირველი ეპიზოდის ვიდეო მასალას?
რატომ არ ასაჯაროებს „ნაციონალური მოძრაობა“ ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების პირველი ეპიზოდის ვიდეო მასალას? პარტიაში კითხვაზე პასუხი, არ აქვთ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ვიდეოჩანაწერები, რაც თავად გაავრცელეს, გამოძიებისთვის საკმარისია. ცნობისთვის, საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებს. შეგახსენებთ, რომ „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია და სამი ვიდეოჩანაწერი, სადაც სხვა რეალობა ჩანს. პირველსა და მეორე ვიდეო ჩანაწერებს შორის დაახლოებით ნახევარსაათიანი ინტერვალია. პირველ ვიდეოში ჩანს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაპირისპირება დაცვის თანამშრომლებსა და ახალგაზრდებს შორის. დაცვის თანამშრომლებს ხელში უჭირავთ ე.წ ბიტები და ერთმანეთს იარაღის სროლისკენ მოუწოდებენ, ხოლო ახალგაზრდა ერთ-ერთის მისამართით საღებავის ქილას ისვრის. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომლებმა ბეისბოლის ბიტებით სასტიკად სცემეს 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც სხვადასხვა წარწერებს აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე და რომელმაც ვიდეოშიც ჩანს, რომ დაცვის თანამშრომელს საღებავის ქილა ესროლა. ბუნებრივია ამის ამსახველი ვიდეოკადრები დეტალურად აქვთ დაფიქსირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე დამონტაჟებულ ვიდეოკამერებს.
