"ლოკალური ომის ქარტია"
შეთქმულების აქტი საქართველოს წინააღმდეგ - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება დოკუმენტზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს გაერთიანება არაგულწრფელი და უპერსპექტივოა. მედიაში გავრცელებული და „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული ინფორმაცია დეტალური სიზუსტით დადასტურდა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” და სალომე ზურაბიშვილმა მიღებული დავალება შეასრულეს. გვქონდა ინფორმაცია, რომ ხალხზე პიარული ზემოქმედების მიზნით, პლატფორმას სიტყვა „ქართული“ ან „ეროვნული“ უნდა დამატებოდა. როგორც თავად ამბობენ, ამ მიმართულებით აგებენ. სალომე ზურაბიშვილმა სწორედ „ქართული ქარტია“ დააანონსა. დადასტურდა ინფორმაცია არჩევნებსა და დროებით მთავრობაზე, ზურაბიშვილმა დააანონსა ერთწლიანი პარლამენტი. გავრცელებული იყო ინფორმაცია პოლიციის, "სუსის", პროკურატურის, სასამართლოს, ცესკოსა და საჯარო სამსახურების გადალაგებასა და წმენდაზეც, რაც ზურაბიშვილმა ასევე დააანონსა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, იგეგმებოდა დოკუმენტის ბრიუსელში წარდგენა და თუ ახლო მომავალში გაიხსნება მოლაპარაკებები საქართველოსთან, უნდა მოხდეს პიარული დაკავშირება სალომე ზურაბიშვილის დოკუმენტთან. სწორედ ბრიუსელში დოკუმენტის გაგზავნაზე ისაუბრა გუშინ ზურაბიშვილმა. დადასტურდა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებრივი და პროფესიონალი კადრებით დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას ეხებოდა, რადგან, მათივე თქმით, კვლევების შედეგებით ოპოზიციის წარმომადგენლებს საზოგადოებაში დაბალი რეიტინგი აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საუბარი უნდა ყოფილიყო ერთიან სიაზე, თუმცა გუშინვე მიღებული ინფორმაციით გეგმა შეცვალეს და ერთიან სიაზე საუბარი გადავადდა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
