უხვი ნალექი მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. მნიშვნელოვნად დაზარალდა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები. ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები. სტიქიის ზონებში იმყოფებიან თვითმმართველობის წარმომადგენლები. გადაუღებელი წვიმების შედეგად, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, შიდა საუბნო გზები, დაზიანდა ხიდ-ბოგირები, ელექტრო გადამცემი ხაზები, ასევე დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რამდენიმე სოფელს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც. ზარალს ითვლის სპეციალური კომისია. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქვემო ქართლშიც. გადაუღებელმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც დაიტბორა სასოფლო სამეურნეო სავარგულებისა და საცხოვრებელი სახლების ნაწილი. დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ზონაში განვითარებულ მოვლენებს ეცნობა. განსაკუთრებით დაზარალდა ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს და დმანისის მუნიციპალიტეტები. ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ზოგიერთ ადგილას საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაციაც.