მემორანდუმი „ერთიანი პლატფორმის შესახებ“
ჯერ კიდევ გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და სალომე ზურაბიშვილი დღეს „ერთიანი პლატფორმის შესახებ“ მემორანდუმს გამოაქვეყნებდნენ - როგორც თავად საუბარში აცხადებენ, გეგმა „დიდი მეგობრებისგან“ მიიღეს და პოლიტიკურ პარტიებს უნდა შესთავაზონ გარკვეული ვადა ამ დოკუმენტზე ხელმოსაწერად. მემორანდუმში იქნება სხვადასხვა პუნქტი, მათ შორის ერთ-ერთი პუნქტი შეეხება ერთიან საარჩევნო სიას. სწორედ ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ასევე გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ასეთი პუნქტის ჩაწერა მემორანდუმში, ყველასთვის დამაზიანებელი იქნება, საზოგადოება ამისთვის ბოლომდე შემზადებული არ არის და ეს უნდა მოხდეს უშუალოდ საარჩევნო სიების წარდგენის წინა დღეებში. ასევე მიდის მსჯელობა, ამ ეტაპზე უნდა მიეთითოს თუ არა სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად პრეზიდენტის პოსტზე. რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატებს, რაც მემორანდუმში მითითებული არ იქნება, განიხილებიან მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია და გიორგი ვაშაძე. არ გამორიცხავენ სხვა კანდიდატის არსებობასაც. ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსულტაციებს პარტიებთან ოფიციალურად აწარმოებს ეკა ბესელია.