შსს-ს ევროპული ტიპის "H 145" ვერტმფრენი გადმოეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე H 145 ვერტმფრენი შეემატა. ის ქართულ მხარეს ოფიციალურად გერმანიაში, Airbus Helicopters-ის საწარმოში გადმოეცა. ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. აღსანიშნავია, რომ ახალი, ევროპული ტიპის H 145 ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება ქართული ეკიპაჟის მიერ განხორციელდა, რომელთაც სრული გადამზადება გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს.
