26 მაისი - საზეიმო ღონისძიებები
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. თბილისის მერიის ინფორმაციით, გადაადგილების შეზღუდვა პირველ ეტაპზე რესპუბლიკის მოედანს შეეხება. დღეიდან 27 მაისამდე რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო საშუალებები მარჯვნივ მოხვევით, მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობას ვეღარ შეძლებენ. ამ პერიოდში რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება; 23 მაისის 20:00 საათიდან 24 მაისის ღამის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება და საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვა იმოქმედებს 25 მაისის ღამის 00:00 საათიდან 27 მაისის დილის 07:00 საათამდე, ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე თავისუფლების მოედანზე. მოძრაობა შეზღუდული იქნება მიმდებარე ქუჩებზეც.
