EBRD - საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხაზინამ საქართველო ბაზრის განვითარების წარმატებულ მაგალითად დაასახელა. ნაშრომში მოცემულია საქართველოს ფინანსური ლანდშაფტის ფორმირებაში EBRD-ის, ეროვნული ბანკის და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობის ანალიზი. ნაშრომი შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს მხარდაჭერით მომზადდა. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ორ მნიშვნელოვან საკითხზე: ადგილობრივ ეკონომიკაში ქართული ლარის როლის გაზრდასა და რეალური ეკონომიკის მდგრადი და ჯანსაღი დაფინანსებისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე. EBRD-ის ხაზინის მიერ წარმოდგენილ ანალიზში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ საქართველო პატარა ქვეყნის საინტერესო მაგალითია ღია ეკონომიკითა და ფინანსური სექტორით და მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, წარმატებას მიაღწია.
