ცვლილებები ირანის პრეზიდენტის დაღუპვის შემდეგ
ირანის პრეზიდენტის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ, პირველი პირის მოვალეობის შემსრულებლად მოჰამად მოხბერი დაინიშნა. ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ამ პოსტზე ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამეინიმ დაამტკიცა. ახლა ირანში 50 დღის ვადაში, საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ირანის მინისტრთა კაბინეტმა უკვე დანიშნა ავიაკატასტროფაში დაღუპული საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიც. დიპლომატიურ უწყებას მინისტრის მოადგილე, ალი ბაგერი უხელმძღვანელებს. ვერტმფრენი, რომლითაც პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი თავრიზისკენ მიემართებოდა, მთიან რეგიონში გუშინ ჩამოვარდა. ბორტზე სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.
