ოჯახის სიწმინდის დღე - საზეიმო მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მასშტაბური სახალხო მსვლელობა გაიმართება. მორწმუნეები დილიდან ტაძრებთან სასულიერო პირებთან ერთად იკრიბებიან, აღესრულება ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი. შემდეგ კი ხატებითა და ჯვრებითა მრევლი ლოცვით ქალაქის ქუჩებს შემოივლის. ერთ საათში თეატრონის ტერიტორიაზე მცხეთის მუნიციპალიტეტიდან შეკრებილი მოსახლეობა მსვლელობას სვეტიცხოვლის ტაძრისკენ გამართავს და 13:00 საათზე სამღვდელოება სავედრებელ პარაკლისს გადაიხდის. მსვლელობისთვის ემზადებიან ბათუმშიც. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით, 12:00 საათზე ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში მრევლი შეიკრიბება. მსვლელობა ზუბალაშვილის ქუჩიდან დაიწყება და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის გავლით ბათუმის განმათავისუფლებელ მეომართა საფლავთან დასრულდება, სადაც სამღვდელოება პარაკლისს გადაიხდის. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართება ქუთაისშიც. მრევლი დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან შეიკრიბება და სამღვდელოებასთან ერთად მსვლელობას მოაწყობს დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით, სადაც სამშვიდობო პარაკლისი შესრულდება.
