დაპირისპირება აქციაზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. მათ შორის ორი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, ერთი რუსეთის. აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს იმ მიზნით, რომ დეპუტატები არ შეეშვათ პარლამენტში. გამთენიის დაახლოებით ექვს საათზე პოლიციამ ისინი გააფრთხილა, მისცა კონკრეტული დროც, თუმცა არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველებს. მალევე მათ მოუწიათ ტერიტორიის ნაწილობრივ დატოვება. იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, სამართალდამცველებს მომიტინგეები სხვადასხვა საგანს ესროდნენ. ცალკეულ შემთხვევებში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თავად აქციის მონაწილეებიც. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რომელიც მოლდოვის მოქალაქეა, რამდენიმე პოლიციელს გაზი შეასხა, მანამდე კი სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
