სოფელ სალხინოში „წაჩხურობას“ აღნიშნავენ
მარტვილის სოფელ სალხინოში დღეს „წაჩხურობას“ აღნიშნავენ. წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები ჩადიან. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანახმად, მომლოცველებმა გზა ტაძრამდე ფეხით უნდა გაიარონ.
შვილის მომლოდინე მორწმუნეებს თან მიაქვთ პატარა აკვნები და სხვადასხვა შესაწირი. ტაძარში მოსალოცად მისული უშვილო წყვილები წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს დახმარებას სთხოვენ. დღესასწაულთან დაკავშირებით ჭყონდიდელი მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი წირვა-ლოცვას აღასრულებს, სასულიერო პირები კი წყვილებს აზიარებენ და აკვნებს აკურთხებენ.
