სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა
საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა. სუსის ინფორმაციით აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი, საპროტესტო მუხტისა და რადიკალიზმის გაზრდის მიზნით. ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების მიზნით, ასევე, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისთვის გამოსაყენებლად გაცემული აქვთ აქციაზე ქვების და რკინის ხელკეტების ფარულად მიტანის დავალება.ყველაფერი კი იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ. გეგმებში აქტიურად არიან ჩართული უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, ხოლო ორგანიზატორებს მიმართავს, რომ მათი დესტრუქციული გეგმების განხორციელების შემთხვევაში, გატარდება შესაბამისის სამართლებრივი ღონისძიებები.
