ზელენსკის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. შესაბამის ინფორმაციასა და დაკავებულთა აღიარებით ჩვენებებს თავად უწყება ავრცელებს. გამოვლენილია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტების ქსელი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაციის მიზნით შეთქმულებას გეგმავდა. მათ შორის არიან უკრაინის სახელმწიფო დაცვის ორი პოლკოვნიკი, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დააკავა. გეგმის თანახმად, რუსეთის აგენტები ვოლოდიმირ ზელენსკის პირად დაცვაში ეძებდნენ ისეთ პირს, რომელიც პრეზიდენტის გატაცებასა და მკვლელობაში მიიღებდა მონაწილეობას. აგენტების ჯგუფი ასევე გეგმავდა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვასილ მალიუკის და დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურის, კირილ ბუდანოვის ლიკვიდაციას.