თბილისის პასუხი ვაშინგტონს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის კრიტიკას განაგრძობს. მეთიუ მილერი შეერთებული შტატების პოზიციის არგუმენტებით გამყარებას ცდილობს, თუმცა ფაქტები, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს მოჰყავს, ინიციატივის ავტორებისთვის რეალობას აცდენილია. კერძოდ, ამერიკელი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ფარა ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობის სახელით მოქმედებენ. საქართველოს ხელისუფლება კი მეთიუ მილერს ახსენებს, რომ ფარაში არაერთხელ მოხვდა მიხეილ სააკაშვილის დედა და დავით კეზერაშვილის ტელევიზია, მაშინ, როცა არც ერთი მათგანი უცხო ქვეყნის მთავრობას წლებია აღარ წარმოადგენს. ხელისუფლების ოპონენტები აანონსებენ, რომ დასავლური განცხადებები მალე ქმედებებში აისახება. მმართველ გუნდში კი სწორედ ფარაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მეთიუ მილერის განმარტება სიმართლეს არ შეესაბამება და ასეთი განცხადებები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ვნებს.
