უკრაინის სახელმწიფო ვალი
2022 წლის შემდეგ პირველად, კრედიტორები უკრაინას სახელმწიფო ვალის პროცენტების გადახდას სთხოვენ, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იყო შეჩერებული. ამის შესახებ გამოცემა „ვოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ საინვესტიციო კომპანიების ჯგუფი, მათ შორის „ბლექ როქის“და „პიმკოს“ ამერიკული ობლიგაციების მფლობელები, კიევზე ზეწოლის გაძლიერებას აპირებენ, რათა უკრაინამ პროცენტების გადახდა განაახლოს. კომპანიების ჯგუფმა, რომელიც უკრაინის ობლიგაციების მეხუთედს ფლობს, ჩამოაყალიბა კომიტეტი, დაიქირავა იურისტები, საბანკო ექსპერტები და აპირებს, უკრაინას ყოველწლიური პროცენტი გადაახდევინონ წელიწადში 500 მილიონი დოლარის ოდენობით. უკრაინამ მათთან უნდა დადოს გარიგება და განაახლოს სესხის გადახდა დავალიანების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოწერის სანაცვლოდ. თუ კრედიტორებთან გარიგება ვერ შედგება, უკრაინამ შესაძლოა დეფოლტი გამოაცხადოს. ეს შეიძლება აგვისტოში მოხდეს, როდესაც კომპანიების მიერ დაწესებული ე.წ. ვალების არდადეგები დასრულდება.
