აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული
მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. აღდგომას წინ უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ქრისტეს აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. სააღდგომო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ მოსაყდრე შიოსთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. საზეიმო ლიტურგიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის და პარლამენტის წევრებთან ერთად დაესწრო.
