აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული
ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაესწრო. ირაკლი ჩიქოვანმა ადგილობრივებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ზუგდიდელებს თანადგომა აღუთქვა და განაცხადა, რომ ნებისმიერი პოზიციიდან, ზუგდიდის და ზუგდიდელების მხარდამჭერი და ხმა იქნება. სააღდგომო ლიტურგია ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აღავლინა. სააღდგომო ლიტურგია ბაგრატის ტაძარში მეუფე იოანე ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა აღავლინა. სასულიერო პირმა ილიას სიტყვების „მამული ენა სარწმუნოება“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. საზეიმო ლიტურგია ღამისთევით გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარშიც გაიმართა. სადღესასწაულო მსახურების დაწყებამდე ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა სრულიად საქართველოს და საქრისტიანოს. მან გულის სიწმინდის, ურთიერთგაგების და სიყვარულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.