მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა. აღდგომას წინ უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ქრისტეს აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. სააღდგომო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრე შიოსთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. საზეიმო ლიტურგიას მოქალაქეებთან ერთად მთავრობის და პარლამენტის წევრებიც ესწრებოდნენ.
