აშშ-ს პოზიცია ოპოზიციის პროტესტზე
შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ასახავს. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, ციტატა: შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის" კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ქართული ოცნების რიტორიკა ანტიდასავლურია და ის საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, ციტატა: ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება. აღნიშნულია შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
