როგორ ვითარდებოდა მოვლენები საპროტესტო აქციაზე
მშვიდობიანი აქცია გუშინ რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და პარლამენტის შენობასთან მსვლელობით გაგრძელდა. თუმცა დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ოპოზიციონერთა და ორგანიზატორთა ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებულ სცენაზე ასვლა მოითხოვა და მმართველ გუნდს ნებართვის გაცემისთვის ათი წუთი მისცა. შემდეგ იყო პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობებიც. რამდენიმე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. რომლის მიხედვითაც, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო. უწყებაში განმარტეს, რომ აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ სამართალდამცველებს და პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა. დაპირისპირების რამდენჯერმე გამწვავების შემდეგ ადგილზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაც მიიყვანეს, თუმცა პროცესში არ ჩაურთავთ. განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, არ გამოეყენებინა ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ. ამავე დროს, ლევან იოსელიანმა მოუწოდა აქციის მონაწილეებს, არ გასცდენოდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. აქციაზე ადმინისტრაციული წესით ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს.
