სახალხო შეკრებისთვის შშმ პირი სამტრედიიდან ფეხით ჩამოვიდა
საქართველოს დროშით ჩანთით და საკუთარი გზავნილით 79 წლის მევლუდ ნაცვლიშვილი სამტრედიიდან თბილისში ფეხით ჩამოვიდა, იმისთვის რომ 29 აპრილს, საყოველთაო სახალხო შეკრებას დაესწროს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცისთვის „მამული, ენა, სარწმუნოება“ არის ერთ-ერთი მთავარი მოტივი, რამაც მას დედაქალაქში ჩამოსვლა გადააწყვეტინა. მან ჟურნალისტებს საკუთარი სათქმელი კალმით ფურცელზე დაუწერა და გზავნილი რამდენიმე სიტყვაში ჩაატია. „მე ვარ ქართველი, ჩვენ ქართველებს ჩვენი ტრადიცია გვაქვს, ამას ვინც უარყოფს არაა ქართველი“. პატრიოტული სულისკვეთებით მევლუდ ნაცვლიშვილი ახლა მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული აქციის მოლოდინშია.