ბაიდენმა უკრაინის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინისათვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებს. როგორც ჯოზეფ ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მხარდაჭერა, რომელსაც უკრაინა მიიღებს, შეერთებული შტატების, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებაში ჩადებული ინვესტიცია იქნება. უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების პაკეტი სენატმა სამშაბათს დაამტკიცა. საუბარია 95 მილიარდ დოლარზე, საიდანაც უკრაინისთვის 61 მილიარდია გამოყოფილი.
