რაფაჰზე შეტევის გეგმა - აშშ-ის პოზიცია
ამერიკის შეერთებული შტატები თანახმაა, ისრაელმა ირანისთვის საპასუხო ზომის ნაცვლად რაფაჰზე შეტევის გეგმა განახორციელოს. ამის შესახებ ეგვიპტელმა მაღალჩინოსნებმა არაბულ მედიას განუცხადეს. როგორც „ალ-აბარ ალ-ჯადეედი“ იუწყება, ვაშინგტონის ადმინისტრაცია მზადაა ღაზის სექტორის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში, ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების გეგმას დათანხმდეს, თუ ისრაელი ირანის თავდასხმაზე საპასუხო ზომას არ მიიღებს. ისრაელში აცხადებენ, რომ რაფაჰში დაჯგუფება „ჰამასის“ ბატალიონები, მათ შორის დაჯგუფების ლიდერები იმალებიან. სწორედ ამიტომ, „ჰამასზე“ სრული გამარჯვების მისაღწევად ქალაქში სამხედრო ოპერაციის აუცილებლობაზე საუბრობენ. პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკვე განაცხადა, რომ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის გეგმა და სამხედრო აქტივობების დაწყების თარიღი უკვე დაამტკიცა.
