დედაენის დღე ესპანეთში
დედაენის დღე ქართველებმა ესპანეთშიც აღნიშნეს. საქართველოს საელჩოს ეგიდით მადრიდის კულტურის ცენტრში დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, ემიგრანტებმა, სხვადასხვა საკვირაო სკოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ფოლკლორის, ცეკვის, სიმღერისა და სხვადასხვა სანახაობრივი ნომრები წარუდგინეს. ღონისძიების მიზანი ეროვნული იდენტობის, ქართული ენის, დამწერლობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების პოპულარიზაცია იყო. ღონისძიებას ქართული დიასპორა, ემიგრანტები, ესპანეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და მადრიდში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრები ესწრებოდნენ.
