8 ადამიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების შემდეგ, თბილისში 2009 წლის 15 ივნისს, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დარბევის ფაქტზე პროკურატურამ 8 ადამიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორისაა ლევან ხაბეიშვილის თანაშემწე ლაშა ცანავა. ევროსასამართლოს განჩინების აღსრულებას ხაბეიშვილი პოლიტიკური მოტივით ხსნის. თავად ბრალდებული ვერ იხსენებს დღეს, როდესაც სამმართველოსთან შეკრებილებს ხელკეტით სასტიკად გაუსწორდა. მეტიც ამბობს, რომ ვიდეომასალა, რომელიც ფაქტს ასახავს საერთოდ არ უნახავს. პროკურატურაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, დადგინდა, რომ თბილისის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, რომელშიც დაახლოებით 150 ადამიანი მონაწილეობდა, წინასწარ მობილიზებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და მათ შორის ლაშა ცანავამ, აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს, რეზინის ხელკეტებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და არ მისცეს გაქცევის შესაძლებლობა. ასევე, შსს-ს თანამშრომლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით იმ საფუძვლით დააკავეს, თითქოს ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენის და მხილების მიზნით
