ვატიკანის გადაწყვეტილება
ვატიკანმა სქესის შეცვლა, გენდერული თეორია, სუროგაცია, აბორტები და ევთანაზია კიდევ ერთხელ დაგმო. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ წერია 20-გვერდიან დეკლარაციაში, სახელწოდებით - „მარადიული ღირსება“, რომელიც რომის პაპმა დაამტკიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ღმერთმა ქალი და კაცი ბიოლოგიურად ერთმანეთისგან განასხვავა და მათი გენდერი არ უნდა იცვლებოდეს. დეკლარაცია ეწინააღმდეგება სქესის შეცვლას. დოკუმენტის თანახმად, ადამიანის ღირსების შემლახავ ქმედებებს შორისაა: მკვლელობა, გენოციდი, თვითმკვლელობა, წამება, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, უკანონო პატიმრობა, მონობა და სხვა. ამასთანავე, კარდინალი ვიქტორ მანუელ ფერნანდესი აცხადებს, რომ ვატიკანი ეწინააღმდეგება ჰომოსექსუალიზმის კრიმინალიზაციას.
