35 წელი 9 აპრილის მოვლენებიდან
1989 წლის 9 აპრილიდან 35 წელი გავიდა. 35 წლის წინ, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სასანგრე ნიჩბებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, უმეტესად ქალები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები. ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა. მოქალაქეები ყვავილებით ამკობენ 9 აპრილის მემორიალს და კიდევ ერთხელ იხსენებენ ქვეყნის უახლესი ისტორიის მძიმე დღეს. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს პრემიერმა, თბილისის მერმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, პრეზიდენტმა, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. პარლამენტთან მივიდნენ დიპლომატიური კორპუსის წევრებიც. მეუფე შიომ კი სასულიერო პირებთან ერთად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
