ბრძოლა შავი ფულისთვის
მიმდინარე კვირას „ქართულმა ოცნებამ“ გამჭვირვალობის შესახებ კანონი კვლავ დააინიცირა და ყველას, საკითხზე მსჯელობისკენ მოუწოდა. პირველ რიგში ხელისუფლებამ განმარტა, რატომ დაუბრუნდა აღნიშნულ თემას. საკითხი არ განახლდებოდა, რომ დონორებისგან თანხების გამჭვირვალობის შესახებ მიღებული დაპირება შესრულებულიყო. დაპირება არ შესრულდა, კანონპროექტი დაბრუნდა. როგორც მოსალოდნელი იყო ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა ეს ინიციატივა ისევ რუსულად მონათლა. შეშფოთებები გამოითქვა დასავლელი პარტნიორებისგან, ამჯერად მათ განცხადებებში სიტყვა რუსული ნახსენები არ ყოფილა, მაგრამ ითქვა, რომ ეს კანონი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს არ დააახლოებს. თუმცა არც ერთ განცხადებაში არ ყოფილა განმარტება, რატომ დააშორებს ევროპულ პერსპექტივას ინიციატივა, რომელიც დასავლური სამყაროსთვის უცხო არ არის და როცა რიგი ევროპული ქვეყანა და თავად ევროკავშირი ამ საკითხზე მსჯელობის პროცესშია. ხელისუფლება სვამს კითხვას, რა არის გამჭვირვალობაში მიუღებელი? არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა და რომ ამ კანონს შორს მიმავალი გეგმები აქვს, მათ ამის შესაბამისი სოციალური კამპანიაც წამოიწყეს, რომელიც მმართველი ძალის განმარტებით სრულად აცდენილია სიმართლეს. რადგან მესამე სექტორისთვის გამჭვირვალობა პრობლემაა, ქართული ოცნება ვარაუდობს, რომ პრობლემის მიზეზი ის შავი ფულია, რომელიც ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ არა კეთილშობილური მიზნებისთვის, არამედ ქვეყანაში რადიკალიზაციისთვის იხარჯება