აშშ არ ადასტურებს რუსეთის კავშირს „ჰავანის სინდრომის“ შემთხვევებთან
ჰავანის სინდრომთან დაკავშირებით თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კარინ ჟან პიერმა განაცხადა, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურს არ გაუკეთებია დასკვნა იმის თაობაზე, რომ რუსეთს კავშირი აქვს ე.წ ჰავანის სინდრომის შემთხვევებთან. დასკვნას პენტაგონიც იზიარებს. მანამდე გერმანული „შპიგელის“, ამერიკული „სი ბი ეს ნიუსისა“ და რუსული „ინსაიდერის“ ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების მასალებში ვარაუდი გამოითქვა, რომ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები, შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკელ და კანადელ დიპლომატებს წამლავდნენ. საუბარია ე.წ ჰავანის სინდრომზე. არაოფიციალურ დაავადებაზე, რომელსაც ახასიათებს თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი და კოორდინაციასა და სმენასთან დაკავშირებული პრობლემები. ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია, რომ 2014 წლიდან მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ ამერიკისა და კანადის საელჩოების თანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ჰავანის სინდრომთან რუსეთის შესაძლო კავშირზე არც სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ აქტიურად აკვირდებიან რეგიონში რუსეთის ქმედებებს.
