საქართველოში 14 იუსტიციის სახლი შენდება
ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 14 იუსტიციის სახლი შენდება. ჯამში, იუსტიციის სახლების რაოდენობა 132-მდე გაიზრდება. დასასრულს უახლოვდება სამტრედიის იუსტიციის სახლის ფილიალის მშენებლობა და ის მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ასევე, უახლოეს თვეებში გაიხსნება ხელვაჩაურის, ხაშურის, შროშისა და თერჯოლის იუსტიციის სახლები. ადგილობრივ მოსახლეობას იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისის მიღება ერთ სივრცეში, კომფორტულ და თანამედროვე გარემოში შეეძლება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზეც იქნება მორგებული. ამასთან, მომხმარებლებს ქორწინების სპეციალური სივრცეებით სარგებლობაც შეეძლებათ. სახელმწიფო სერვისზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, მომხმარებელს 118 იუსტიციის სახლი ემსახურება, მობილური იუსტიციის სახლის სერვისი კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი.
