წამებისგან თავისუფლების ინდექსი
წამებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს 50 ქვეყანას შორის დასახელდა და 46-ე ადგილზეა. 2012 წელთან შედარებით, ქვეყნის სარეიტინგო პოზიცია ზუსტად 101 ადგილით გაუმჯობესდა. შედეგების მიხედვით, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო სამეულშია და დიდი შვიდეულის სამ ქვეყანას უსწრებს. ამ მონაცემებს ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ აქვეყნებს. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რომელთაც მსოფლიოს ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება. კვლევა მსოფლიოს 179 ქვეყანას მოიცავს და სახელმწიფო მოხელეების ან სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლების მიერ გამოყენებული წამების შეფასებაზეა ორიენტირებული. აღსანიშნავია, რომ საქართველომ რეიტინგში დაწინაურება 2012 წლის შემდეგ დაიწყო. ამ პერიოდიდან შეფასების სკალის პუნქტობრივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ამასთან, რეიტინგი 11 წელიწადში 101 ადგილით გააუმჯობესა და 2023 წელს მოდელური შეფასების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. წამებისგან თავისუფლების გაუმჯობესებული ინდექსი სახელისუფლებო გუნდისთვის პოზიტიური მაჩვენებელია, რომელიც ყველაზე კარგად ავლებს ზღვარს წინა ხელისუფლების მმართველობასა და დღევანდელ რეალობას შორის. ოპოზიცია წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს ვერ უარყოფს, თუმცა კვლავ მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემაზე აკეთებს აქცენტს.
