საკონსტიტუციო ცვლილებები
საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა არ ექნება, თუმცა განხილვებში, სავარაუდოდ, ჩაერთვებიან. კონსტიტუციური კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ლგბტ პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხე ხელოვნურად გამოგონილია და ამ თემით მანიპულაცია ხდება. ოპოზიციის ეს განცხადებები მმართველი პარტიისთვის დასტურია, რომ ისინი პროპაგანდის მხარეს დგანან. ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მოტივით „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციური კანონპროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტს წარედგინება. საუბარია რვა პუნქტზე. ცვლილებები კონსტიტუციის 30-ე მუხლს ეხება, რომელიც ქორწინებას, დედათა და ბავშვთა უფლებებს განსაზღვრავს. ცვლილებები 2 ეტაპისგან შედგება: ათობით კანონში სიახლის შეტანა და საკონსტიტუციო ცვლილებები.
